Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ძვირფასო სტუდენტებო,

 

გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია აკადემიური პროცესის ვადებთან დაკავშირებით:

 

საბაკალავრო პროგრამების სალექციო მეცადინეობების ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 23 თებერვალს, 17:00 საათიდან;

სამაგისტრო პროგრამების ცხრილი განთავსდება ვებგვერდზე 25 თებერვალს 13:00 საათიდან;

 

სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები შეძლებენ 25 თებერვალს 17:00 საათიდან;

 

სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 26 თებერვალს 15:00 საათიდან;

 

სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება - 5 მარტს 17:00 საათიდან;

 

სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება - 6 მარტს 17:00 საათიდან;

 

უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 6 მარტს 17:00 საათიდან;

 

მაგისტრატურის საფეხურზე სალექციო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 27 თებერვალს  13:00 საათიდან;

 

დოქტორანტურის საფეხურზე სალექციო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 27 თებერვალს  15:00 საათიდან.

 

საქართველოს განათლებისმეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის  №65 ბრძანებით, სავალდებულო საუნივერისტეტო საგნების ჩამონათვალს დაემატა სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი ,,ქართული ენა აკადემიური მიზენბისათვის“. აღნიშნულ დისციპლინაზე რეგისტრაცია სავალდებულოა 2025 წლის 1 აგვისტოდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

 

მიაქციეთ ყურადღება! აღნიშნული კურსი განხორციელდება შემდეგი ფორმატით: საკონტაქტო საათები: სალექციო 30 საათი (კვირაში 2 საათი) და სასემინარო 15 საათი (კვირაში 1 საათი). სალექციო ნაკადზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის საერთო ვადებში 25 თებერვალის 17:00 საათიდან, ხოლო სასემინარო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 6 მარტის 17:00 საათიდან. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ UNI.TSU.GE  ბაზიდან, კატეგორია: ,,შეკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით“.

 

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე შეფასების გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია - ,,საგნის გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნისთვის საჭირო კრედიტი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 10 მარტისა. 

 

დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 10 მარტისა უნდა მოგვმართონ UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია „დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია“. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სასურველი კრედიტების რაოდენობა.

 

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების არჩევა, რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 15:00 საათიდან.

 

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ კომუნიკაციის ფორმალური საშუალებები და დადგენილი წესით მოგვწეროთ UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომერი) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფორმაციის დროული მიღება.

 

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებულ სემესტრს!

 

 

თარიღი: 17/02/2026